“ქვეყნის სუვერენიზაცია ჩვენი სავიზო ბარათი უნდა იყოს, მაგრამ მოგვიწევს იმ თამაშის წესების გათავისებაც, რაც გლობალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პირობაა” – ცუცქირიძე
“ქვეყნის სუვერენიზაცია და იდენტობა უნდა იყოს ჩვენი სავიზო ბარათი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში საბოლოო ინტრეგრაციისათვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს იმ თამაშის წესების გათავისებაც, რაც ამ გლობალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პირობაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძე ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ორი დღის წინ, ამ პროცესების ესკალაციამდე დავწერე, რომ ჩვენ შეიძლება, შევსულიყავით მაღალი რისკების ტურბულენტურ ზონაში და პროცესებს იმაზე მწვავე ხასიათი შეიძლება, მიეღო, ვიდრე თუნდაც ე.წ გავრილოვის ღამეს მოხდა პარლამენტის შტურმისას.
დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური დაპირისპირებისას, რომელიც, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის ფაზაშია შესული, ჩვენ გვმართებს გაცილებით დიდი სიფრთხილე, რადგან ბეწვის ხიდზე მოგვიწევს გავლა, როდესაც ქვეყნის მტერი ოპოზიციის დიდი ნაწილი გყავს. ეს ამ ბოლო ორ დღეში ხომ კიდევ უფრო ცხადი გახდა, როდესაც ამ ადამიანებს არაფერი პატრიოტიზმსა და სამშობლოს სიყვარულთან არ აერთიანებს, საკუთარი ეგოისტური ინტერესის გარდა, ნებისმიერი გზით, თუნდაც ქვეყნის ჩამოშლით და ამ გზაზე ახალგაზრდა თაობის ამოფარებით და გაწირვით, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში!
დღესაც იმ აზრის ვარ, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ კანონის ახლა ინიცირება და მიღება, მით უმეტეს, როდესაც დასავლეთის რეაქცია თავიდანვე მკვეთრად უარყოფითი იყო. ეს თვალსაზრისი გუშინ და გუშინწინ კიდევ უფრო გამტკიცდა, როდესაც მაღალი რანგის ევროპელმა თუ ამერიკელმა სახელმწიფო მოხელეებმა თუ დეპუტატებმა, ამ კანონის მიუღებლობა ღიად გამოხატეს და ევროინტეგრაციის მთავარ საფრთხედაც კი წარმოაჩინეს!
ქვეყნის სუვერენიზაცია და იდენტობა უნდა იყოს ჩვენი სავიზო ბარათი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში საბოლოო ინტრეგრაციისათვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს იმ თამაშის წესების გათავისებაც, რაც ამ გლობალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პირობაა.
დღეს სხვა ალტერნატივა ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ალტერნატივას ვერც რუსეთი შექმნის, მისი იმპერიული და მტაცებელი ბუნებიდან გამომდინარე და ვერც მომავლის გლობალისტური ჩინეთი.
სწორედ ამიტომ მიმაჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაც პროცესების რადიკალიზაციის არდაშვება და კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გამოსვლა უნდა ყოფილიყო, ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვით ამ კანონის უკან გაწვევაც, რომ საჭირო გამხდარიყო! რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდად მიყვანა უნდა მოყვეს!
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაც, უპირობოდ მოხდეს ამ კანონპროექტის უკან გაწვევა, ამ გლობალურ კონტექსტშია დასანახი და მხარდასაჭერი, სწორედ საზოგადოებრივი და ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად და არა – უკანდახევად!
ქართველი ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი და არ გვაქვს უფლება, ის მავანთა მერკანტილისტურ ინტერებს და ქვეყნის დიდ ქაოსში გადასაჩეხად შევწიროთ!
ვფიქრობ, საქართველომ დღეს უკვე გაიმარჯვა, ამ ახალგაზრდებმაც რომლებმაც თუ ცალკეულ ექსტრემისტულ და მართულ ჯგუფებს გამოვრიცხავთ აჩვენეს, რომ ჩვენს მომავალს საფრთხე ნაკლებად ემუქრება!
დაანონსებული და დაწყებული გლობალური ევროპული და საერთაშორისო პროექტები იქნება ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის გაძლიერების და, ამასთანავე, მრვალფუნქციურ ჰაბად ქცევის კარგი გარანტი, თანამედროვე ეკონომიკის შესაქმნელად!”, – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.