კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებები იგეგმება
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებები იგეგმება.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა BBC-ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, კანონში ცვლილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისთვის სასჯელის შერბილებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, იგი სასჯელის შემსუბუქების მომხრეა. „იმის გამო, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის ამ მონაკვეთს კვეთენ, არ იციან, რომ ხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კანონი მათ მიმართ უფრო ლიბერალური და ლოიალური უნდა იყოს“.
ზაქარეიშვილის განცხადებითვე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად უნდა დაწესდეს ჯარიმა, რომელიც „საკმაოდ საგრძნობი უნდა იყოს, რომ მათ ქართულ კანონმდებლობას ანგარიში გაუწიონ“. ზაქარეიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცვლილება კანონში (რომელიც 2013 წელს მხოლოდ პირველი მოსმენით მიღეს), საბოლოდ უკვე შემოდგომაზე დამტკიცდება.
„მით უმეტეს, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზაციის პროცესში. იქ დღის წესრიგში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სწორედ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.