ნოდარ ხადური: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რიგებია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სტიქიის შედეგად საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგის” გაჩერების გამო, საქართველოს სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზეც რიგებია. როგორც ხადურმა “იმედის” ეთერში სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა, რიგებია როგორც აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე სარფის საბაჟოზეც, თუმცა სიტუაცია კონტროლქვეშაა. “რიგები არის აზერბაიჯანის მიმართულებით, რადგან ქართულმა და თურქულმა ტრანსპორტმა ტვირთებით, რომელიც რუსეთში მიდიოდა, მარშრუტი შეიცვალა. ისინი ლაგოდეხის და წითელი ხიდის გავლით მიდიან. თუმცა, სიტუაცია კონტროლქვეშაა. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ პრობლემები არ შეიქმნას. რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, დაახლოებით 40%-ით არის მგზავრთნაკადი გაზრდილი. დღეში სადღაც 30 000-მდე ადამიანია. სამწუხაროდ მეტი ნაკადის, მათ შორის ჩევნი მეზობელი სახელმწიფოს საბაჟოს მხრიდან, გატარება შეუძლებელია.
ამიტომ არის შეფერხებები, მაგრამ სიტუაცია იქაც კონტროლქვეშაა. იქ არის ჩვენი მხრიდან ექიმი, არის მედიკამენტები, არის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს რიგში დგომისას ქონდეთ ყველა პირობა კომფორტულად იგრძნონ თავი საბაჟოზე”,-განაცხადა ხადურმა.