“სითი პარკმა” თბილისელების ხარჯზე ფული იშოვა
„სითი პარკმა” თბილისელების ხარჯზე “ფული იშოვა – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისელებმა ამ კომპანიასთან ურთიერთობით მიიღეს მხოლოდ მოუწესრიგებელი პარკინგი.
“მე “სითი პარკის” წარმომადგენლებს წარვუდგინე ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მიმოწერის მთელი კორესპონდენცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ არც ერთ ჩემს წერილზე არ მიმიღია ადეკვატური პასუხი. ვითხოვდი ინფორმაციას, რამდენი ჰქონდათ შემოსავალი, ინფორმაციას მათ საინვესტიციო გეგმებზე, თუმცა მათზე პასუხს ვერ ვიღებდი. დღესაც, იმ შეკითხვებთან მიმართებაში, რომელიც “სითი პარკისთვის” გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არის “ფირმის საიდუმლო”. მინდა, პირდაპირ განვაცხადო, პირველივე დღიდან, რაც ეს კომპანია საქართველოში შემოვიდა, მის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე, მიღებულ შემოსავლებზე და ა.შ. თბილისელებს აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება ამ კომპანიის მიმართ. ეს არ იყო ინვესტიცია, ეს იყო ფულის გაკეთების გარკვეული მექანიზმი, რომელიც ამ კომპანიამ სათავისოდ გამოიყენა და ფული გააკეთა”, – განაცხადა სამუშიამ.