რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი შუაზე იქნება გაგლეჯილი, თუ “სპეცოპერაციას” გამარჯვების გარეშე შეაჩერებს.
ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.
მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ვარშავაში გაკეთებული განცხადების ციტირება მოახდინა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ “თუ რუსეთი შეაჩერებს თავის შეჭრას, ის ახლავე დასრულდება. თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული”.
“ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე სრულიად განსხვავებულია. თუ რუსეთი გამარჯვების გარეშე შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთი აღარ იარსებებს, მას შუაზე გაგლეჯენ. თუ შეერთებული შტატები კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს – ომი დასრულდება”, – დაწერა მედვედევმა.