„ხალხის ძალის“ კანონპროექტის პრობლემა, პირველ ყოვლისა, არის ის, რომ ხდება ისეთი ტერმინის გამოყენება, რომელიც ჩვენ რეალობაში ასოცირდება ქვეყნის ღალატთან, ეს არის უცხოური ქვეყნის აგენტი და ჯაშუშის სინონიმად გამოიყენება, – ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს.
მისი თქმით, მოხდება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სტიგმატიზება, რომ ისინი ვიღაცის ჯაშუშები არიან.
„ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სტიგმატიზება მოხდება, რომ ისინი არიან ვიღაცის ჯაშუშები. ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, უამრავ ისეთ პროექტებს ახორციელებენ, როგორიცაა სოციალური პროექტები, ჯანდაცვის პროექტები, შშმ პირთა მიმართ განხორციელებული პროექტები და რას ვერჩით ამ ადამიანებს? რატომ გვინდა რომ მათ ვიღაცის აგენტები დავარქვათ, ჩემთვის გაუგებარია.
რაც შეეხება ამერიკული პროექტის თარგმნას, ეს კი არ არის აქ გამოსავალი. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ისეთი ძლიერი სისტემა, დემოკრატიის ისეთი ხარისხი და ინსტიტუციები, რომელთაც არ სჭირდება სხვა ქვეყნიდან დახმარება, რომ ვიღაცამ მათი ინსტიტუციები გააძლიეროს. ის იქით ეხმარება, იქით უხდის ფულს სხვა ქვეყნებს, რომ ეს დემოკრატიული სტანდარტი ასწიოს და ინსტიტუციების მშენებლობაში დაეხმაროს. ამერიკა თავს იცავს, რომ სხვა ქვეყნების მიერ არ მოხდეს ჩარევა მათი ინსტიტუციების დისკრედიტაციასა და დასუსტებაში. იქ სულ სხვა მოცემულობაა, კონტექსტს ხომ აქვს მნიშვნელობა?!“, – თქვა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, გუშინ ბიუროს სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დააინიცირა.