მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, უფრო მეტად არარელევანტური გახდება ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, რაც არაფრის მომტანია ევროპისთვის და ევროპული ინტერესებისთვის

იმედი მაქვს, გარკვეულ ეტაპზე მომწიფდება ეს გადაწყვეტილება და უფრო მეტად არარელევანტური გახდება ეს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, რაც არაფრის მომტანია ევროპისთვის და ევროპული ინტერესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ჩვენ ვერც ზეგავლენას მოვახდენთ და ვერც გადაწყვეტილებას შევაცვლევინებთ – თავად უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, გარკვეულ ეტაპზე მომწიფდება ეს გადაწყვეტილება და უფრო მეტად არარელევანტური გახდება ეს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, რაც არაფრის მომტანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება.

რაღაც ეტაპზე, მახსოვს, იყვნენ ჩვენთანაც პოლიტიკოსები, რომლებსაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ [და ამბობდნენ], რაში უნდა სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველოო – დღეს ნამდვილად ჩანს, თუ რაში და რატომ არის საქართველო საჭირო. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებადობა და გზა – ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გზა. ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და დიალოგის არსებობა. ამაზე გვქონდა დღეს საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში ეს მოსაზრება უფრო მეტად იქნება ბრიუსელისთვის მისაღები და რელევანტური, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს ფიქრი ბრიუსელმა და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები