მდინარაძე – “ხალხის ძალის” კანონპროექტზე: ამერიკულიდან კოპირებული კანონმდებლობა დააზიანებს „ენჯეოსექტორის“ ინტერესებს და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს
ამერიკულიდან კოპირებული კანონმდებლობა დააზიანებს „ენჯეოსექტორის“ ინტერესებს და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” ინიცირებულ კანონპროექტზე -“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მესიჯბოქსი, პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, უფრო ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ მაშინდელი კანდიდატის. ეს ჩემთვის ძალიან დასანანია, პირადად. რაც შეეხება კანონპროექტს, გვექნება კონსულტაციები ფრაქციის წევრებთან. წინასწარვე, მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. სწორედ ამის გამო იყო შეხვედრა და დააფიქსირეს [ხალხის ძალამ], რომ სურდათ კოპირება ამერიკული კანონის. მაშინაც ვუთხარით, რომ არ ექნებოდა ჩვენგან პირდაპირ კოპირებულს მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. ასეთი კანონმდებლობა, ვფიქრობ, მართლა დააზიანებს „ენჯეოსექტორის“ ინტერესებს და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს“, – ამბობს მდინარაძე.