გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 10 წლისაა
ცხელი ხაზი დაინტერესებულ პირებს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში უწევს პირველად კონსულტაციას და სატელეფონო და ონლაინ მომსახურების საშუალებით, ინფორმაციას აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების საქმიანობის, სერვისების და პროგრამების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი ზარის მიღებიდან, 2013 წლის თებერვლიდან დღემდე, როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ სერვისის საშუალებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე 800,000-ზე მეტი მომართვა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის გამართულად მუშაობისათვის, შექმნილია ერთიანი პლატფორმა, რომლის მეშვეობით ოპერატორები მარტივად და სწრაფად ახდენენ ინფორმაციის მოძიებასა და გაცემას. სპეციალური პროგრამის საფუძველზე ხორციელდება მიმდინარე პროცესების სისტემური შეფასება და, გაუმჯობესების მიზნით, სტანდარტების შემუშავება/შესრულება. მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის მართვის კონტროლის სისტემების გაძლიერება. თანამშრომელთა გადამზადება ხდება სპეციალური ტრენინგების საშუალებით. მათ შორის აღსანიშნავია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით ჩატარებული დარგობრივი ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ძირითადი პრინციპების შესახებ. ცხელი ხაზის სამსახურში დანერგილია სტაჟირების სისტემა, რომელიც წარმატებული სტაჟიორებისათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა.