თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 3 წუთის შემდეგ, კიდევ ერთი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა, რომელიც 20:07 საათზე დაფიქსირდა.
როგორც Al Jazeera-ს კორესპონდენტი გაზიანთეფიდან იტყობინება, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რეგიონში განმეორებით ბიძგებს კვლავ ნგრევა მოჰყვა.
გამოცემის ცნობით, თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდება.
„არის შენობები, რომლებიც კვლავ დგას, მაგრამ დაზიანებულია. არის საშიშროება, რომ თუ კიდევ იქნება მსგავსი ბიძგები, ეს ამ შენობების ნგრევას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. აქ ბევრი ძალიან შეშინებულია“, – აცხადებს Al Jazeera-ს კორესპონდენტი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციაში, დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა.