მამუკა მდინარაძე: დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში
დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიგრაციის საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, გამძაფრებული ჰქონდათ კამპანია, რომ საქართველო იცლება. რეალურად ციფრები ასეთია – 2004 წლიდან, 2012 წლამდე, უარყოფითი სალდო იყო 221 000 ადამიანი. 2012 წლის შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, მინუს 52 000 ადამიანი, ანუ ოთხჯერ და მეტჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ოთხჯერ მეტი უარყოფითი სალდო გქონდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, სხვა არ უნდა გააკრიტიკო და სხვას არ უნდა დასწამო ცილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, 2004-12 წლებში კი – 221 ათასი.