ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ამერიკული და რუსული კანონის ანალოგი ვერ იქნება.
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სპეკულაციები მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით, მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თუკი ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს,რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. თუ ამერიკული კანონმდებლობა მანამდე იყო, ვიდრე რუსული და უცხოელ აგენტებად მოიხსენიებდა, თუ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში წერია ასეთი ტერმინი, რუსული რა შუაშია? ანალოგი ვერ იქნება. ხომ არის რუსულ კანონმდებლობაში რაღაც შეზღუდვები? მათ შორის, ასევე ამერიკულ კანონმდებლობაშიც არის შეზღუდვები. ვერც ერთის ანალოგი ვერ იქნება, რადგან უბრალოდ, ჩვენთან შეზღუდვები არ წერია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დაინიცირდა.