მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე.

„გვინდა გამოვეხმაუროთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ საქართველოს პარლამენტში შემოვა კანონპროექტი ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ფასებს დაარეგულირებს და ვეხმაურებით პრემიერს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მხარდაჭერა ექნება და დეტალურად გავივლით ამ კანონპროექტს. როდესაც, ქვეყანაშია რის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, როდესაც პარალელურად არის მაღალი ინფლაცია, ამისთვის მთავარი გამოწვევაა ეს ეკონომიკური ზრდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან და ამის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო მხარდაჭერა იქნება.

ასევე ვისაუბრეთ მიგრაციის საკითხზეც – ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, გამძაფრებული ჰქონდათ კამპანია, რომ საქართველო იცლება. რეალურად ციფრები ასეთია – 2004 წლიდან, 2012 წლამდე, უარყოფითი სალდო იყო 221 000 ადამიანი. 2012 წლის შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, მინუს 52 000 ადამიანი, ანუ ოთხჯერ და მეტჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ოთხჯერ მეტი უარყოფითი სალდო გქონდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, სხვა არ უნდა გააკრიტიკო და სხვას არ უნდა დასწამო ცილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სხდომაზე ასევე ისაუბრეს ხალხის ძალის კანონპროექტზე. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა – თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები