ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნი – „გზავნილი უკრაინიდან“ უკვე ქართულ ენაზე

“22 თებერვალს, 19 საათზე, გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საავტორო წიგნის – „გზავნილი უკრაინიდან“ წარდგენაზე”,- ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა “ინტელექტი”  ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნის წარდგენა იმართება უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, N Studia-ს მიერ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში.

“დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3I7hdCC

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს და 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოსევისას, უკრაინის წინააღმდეგობას ხელმძღვანელობს. ამ ერთადერთ წიგნში „გზავნილი უკრაინიდან“, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ავტორობითაა შექმნილი, შესულია გამოსვლები, რომლებიც მან თავად შეარჩია, რათა უკრაინელი ხალხის ამბავი მოეთხრო. წიგნში შესულია უკრაინის პრეზიდენტის 16 საჯარო გამოსვლა. წიგნი 2022 წლის მიწურულს უდიდესმა ბრიტანულმა გამომცემლობა „პინგვინ რენდომ ჰაუსმა“ გამოსცა. ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ.

ეს წიგნი, რომელიც აერთიანებს ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებოდ ამ წიგნისთვის შექმნილ წინათქმას და მის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებს, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი უკრაინის ისტორიაა. ეს იმ ერის ისტორიაა, რომელიც გმირულად იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. და იმ ხალხის ამბავი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში წინ რომ მიუძღვის სამყაროს. ყველაზე მეტად კი ეს არის საბრძოლო ყიჟინა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ფეხზე წამოვდგეთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. როდისღა, თუ არა დღეს?

„ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანები კვლავაც ერთად იქნებიან. ჩვენი დროშა ისევ აღიმართება ოკუპირებულ ქალაქებში. ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდება და ისევ გვექნება მშვიდობა. სამყარო შავ-თეთრ ფერებში აღარ იოცნებებს. ის მხოლოდ ლურჯ და ყვითელ ფერებში იოცნებებს“, – ვოლოდიმირ ზელენსკი.

წიგნი გამოცემულია „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული  – ანდრიი კასიანოვი და გვანცა ჯობავა, წიგნის მთარგმნელი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი.

წიგნის წარდგენის ფარგლებში გაიმართება დისკუსია:

მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი

სპიკერები: გვანცა ჯობავა, ზურაბ ბატიაშვილი (ანალიტიკოსი)

ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის წარდგენამდე, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, დოკუმენტური ფილმის „მარიუპოლი – არდაკარგული იმედი“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 👉 https://bit.ly/3ZdjwLF”,-  ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები