საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეულ სამუშაოებზე, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ  შეფასების ანგარიშს და აღნიშნეს ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ამ გზაზე. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციას და ამ კუთხით ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები