საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირი – მარგველაშვილის განცხადებაზე: ეს არის ყოფილი პრეზიდენტის უსუსური მცდელობა, ერთმანეთს დააპირისპიროს ქვეყნის ხელისუფლება და მხედრობა

გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის, გიორგი მარგველაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ქართველი ხალხის, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავის დროზე გვერდზე გადადეს ყოველივე პირადი და დადგნენ იქ, სადაც სამშობლოს უჭირდა, – ამის შესახებ „საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური გავშირის“ გამგეობის განცხადებაშია აღნიშნული.

“ყოფილი პრეზიდენტი – უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც წესით, თვითონ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, აკეთებს ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლისთვის შეუფერებელ განცხადებას, რომელიც ხელისუფლებასა და თავდაცვის ძალებს რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო „მოკავშირეობაში“ ადანაშაულებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყოფილი პრეზიდენტის უსუსური მცდელობა, ერთმანეთს დააპირისპიროს ქვეყნის ხელისუფლება და მხედრობა, რაც დიდი შეცდომაა, უკადრისი საქციელია და რაც მთავარია, ქვეყნისათვის საზიანო.
აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმ ჩვენი თანამებრძოლების ხსოვნისა, რომლებმაც სამშობლოსათვის სიცოცხლე გაწირეს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დიდი არმია სწორ შეფასებას მისცემს ამ უსაფუძვლო განცხადებას და ჩვენთვის ჩვეული სიდინჯით და სამშობლოსადმი ერთგულების გრძნობით გააგრძელებს ქვეყნისა და მისი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის მხარდაჭერას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სახელით ვგმობთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები