ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 100 სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქე სახლში მოდის“, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, გათავისუფლებული სამხედროებიდან 94 მარიუპოლის დამცველია, მათგან 63 კი, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში იბრძოდა.
„მათი ოჯახები მათ ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ბევრმა გმირმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მადლობელი ვარ ტყვეთა მოპყრობის გუნდისა და საკოორდინაციო შტაბის, ყველას სახლში მოვიყვანთ“, – აღნიშნა ერმაკმა.
რაც შეეხება გათავისუფლებულ მშვიდობიან მოქალაქეს, კიევში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ის ენერჰოდარის მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკია, რომელიც ტყვეობაში 333 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.