„საცხობში ხელსაბანი, საცერი, ვენტილაცია რომ უნდა იყოს, ამას არავისგან სწავლება არ უნდა, მოვიდა დრო, ყველაფერი უფრო ცივილურად იყოს“ – „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დეგეგმილ რეგულაციებზე საუბრობს
2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
„პურ-პროდუქტებთან დაკავშირებით უვნებლობის და უსაფრთხოების საკითხები არსებობს. უვნებლობის საკითხი ეხება იმას, თუ როგორ მზადდება პროდუქცია. მინდა, გითხრათ, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც საკვები პროდუქტების, მათ შორის, პურის დამზადებას გარკვეულად გაამკაცრებს. მინდა, იცოდეთ, რომ პური რისკჯგუფს არ მიეკუთვნება. „ჰასპის“ კანონმდებლობა რისკის ადგილებს, წარმოებაში რისკის გამორიცხვას ითვალისწინებს. პური 220 გრადუსზე ცხვება, იქ ყველა მიკრობი მკვდარია. მართალია, პური რისკჯგუფში არაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი წარმოება მოსაწესრიგებელია. ამ დარგში გარკვეული შენიშვნებია, დაწყებული რეკლამიდან დამთავრებული წარმოების სტრუქტურამდე. ბევრი რამე დასახვეწი და შესაცვლელია. ელემენტარულად საცხობში ხელსაბანი, თბილი წყალი, საცერი, განათება, ვენტილაცია რომ უნდა იყოს, ამას არავისგან სწავლება არ უნდა. ამის დრო მოვიდა. დამთავრდა საუბარი რაოდენობაზე, დეფიციტზე. მოვიდა იმის დრო, რომ ყველაფერი ცოტა უფრო ცივილურად იყოს. მომხმარებელმა იცოდეს, რა არის ის, რასაც იძენს. ხშირად მეკითხებიან: შავი პური შავი პურია? თეთრი პური თეთრი პურია? შეღებილია? არ არის შეღებილი? საფუარიანია? უსაფუაროა? არის ასეთი შეკითხვები, რომელიც პროფესიონალისთვის გამაღიზიანებელია. მაგრამ, არის რეკლამები, რომელსაც მარკეტოლოგები აკეთებენ, ამას „მწარე რეკლამას“ ვეძახი. რეკლამებში ამბობენ: „ჩვენ არ ვღებავთ“, ანუ თქვენ ღებავთ, ხომ? ან „პური საფუარის გარეშე“ – ხშირად აწერენ ასე. ამ დროს პური საფუარის გარეშე არ მეგულება. შეიძლება, საფუარად ნატურალური ნივთიერებები იყოს გამოყენებული. მაგალითად, არის სხვადასხვა ბალახეული, სხვადასხვა წესით გამოყვანილი საფუარი, სადაც რძემაჟავა ბაქტერიებია. ცომი თუ არ მომწიფდა და სათანადო მოცულობა არ მიიღო, ისე პური არ გამოცხვება.
როგორც მოგახსენეთ, „ჰასპის“ კანონმდებლობა წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება. საქართველოში დაახლოებით 2 500 იურიდიული პირია, ვინც პურს აწარმოებს. მოვუწოდებდი, სიახლესთან დაკავშირებით თუ არ იციან, თუ კითხვები აქვთ, შეუძლიათ, „სურსათის უვნებლობის“ საიტს მიმართონ, შეუძლიათ, ჩვენც მოგვმართონ, ვასწავლით, სად მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, რათა ამ საკითხების მიმართ მოწესრიგდნენ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
თამუნა შეყილაძე