ირაკლი ქადაგიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
„კომიტეტისათვის მთავარ მიღწევას წარმოადგენს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისა და დახვეწის მიმართულებით, რაც არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და გამოწვევა”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა წარიმართა 2022 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა აქტივობების მიმართულებით.
„კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება. ამ მიზნით: კომიტეტი რეგულარულად აკონტროლებს, შეისწავლის, სისტემატურად აფასებს და აანალიზებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეფექტიანობას და საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილ ხარვეზებს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებული და განხორციელებული ცვლილებებიდან – ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების პრაქტიკაში სწორად და ეფექტურად გამოყენების და გაუმჯობესების მიზნით მომზადებული ცვლილებები იყო.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომიტეტმა იმუშავა 45 საკანონმდებლო აქტზე, აქედან როგორც წამყვანმა კომიტეტმა, იმუშავა 6 საკანონმდებლო აქტზე. სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით, კომიტეტმა იმუშავა 39 საკანონმდებლო აქტზე. საანგარიშო პერიოდში განიხილეს 1 საკანონმდებლო წინადადება.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკონტროლო საქმიანობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კომიტეტის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გაწეულ მუშაობას საპარლამენტო საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით.