„სააკაშვილი ბიუჯეტიდან მოპარული ფულით „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსს ყიდულობდა, დღეს იმავე ფულით ცდილობს, წამებულის და პუტინის პირადი პატიმრის სტატუსი იყიდოს“ – ვატო შაქარიშვილი
სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბინძური ფულით, ქართველი ხალხისთვის წართმეული, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსს ყიდულობდა, დღეს უკვე საპატიმროდან იმავე ფულით ცდილობს, წამებულის და პუტინის პირადი პატიმრის სტატუსი იყიდოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსერვატიული პორტალის – „საქართველო- უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შაქარიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.
მისი თქმით, გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა დაადასტურა, რომ ის კამპანია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს, კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული კამპანიაა.
„გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ოფიციალური დოკუმენტები გამოქვეყნდა, რომლითაც რეალურად დადასტურდა ის ყველაფერი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცოდა: რომ ის კამპანია, რომელიც სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს, კარგად დაფინანსებული, ორგანიზებული კამპანიაა, რომელსაც უკან მსხვილი ძალები უდგანან. ეს მიზნად ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას, ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლას ისახავს. ამაში გადახდილია ის, რაც ოფიციალურად გაირკვა – მილიონი დოლარი, ესაა ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფული, ძარცვით ნაშოვნი, ბიზნესიდან ამოღებული, წართმეული, ბინძური და სისხლიანი ფული, რომლითაც სააკაშვილი, მისი ოჯახი აფინანსებენ კამპანიას, რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავს. ჩვენი ქვეყნის არევის სცენარი, დასკვნითი ეპიზოდი 2021 წელს დაიწყო, როდესაც სააკაშვილი განუბაჟებელი ტვირთის სახით არაჟნებიან კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოაგზავნეს იმისათვის, რომ ის აქ დახვედრილიყო მოსალოდნელ ომს, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის იწყებოდა, გამოაგზავნეს იმისათვის, რომ ეს პერიოდი, ოქტომბრიდან 24 თებერვლამდე გამოეყენებინა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეხდინა, ხელისუფლებაში იმისათვის დაბრუნებულიყო, რომ შემდგომში ამ დიდ პროექტში საქართველო ჩაერთო, ანუ საქართველოდან მეორე ფრონტი გაეხსნა. ამ სცენარის პირველი ეპიზოდი, პირველი ფაზა ჩავარდა, სააკაშვილი საპატიმროში აღმოჩნდა, რამაც მისი პატრონების სცენარი და გეგმა შეცვალა. შემდგომში მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, ციხიდან დახსნის სცენარი შემუშავდა. ვნახეთ, რომ რეალურად ქარვასლაა, მიმდინარეობს ვაჭრობა, ფულის და ინტერესების სანაცვლოდ, შესაძლოა, ნებისმიერი სასურველი დასკვნის, განცხადების, პოზიციის მიღება, ვნახეთ, რომ 300 000 დოლარია გადახდილი იმ ე.წ. ექიმების მომსახურებაში, რომლებითაც, რომ იტყვიან, ქართველ ხალხს ტვინი წაუღეს. მათ რეპუტაციაზე გველაპარაკებოდნენ, როგორი გამოცდილი, ავტორიტეტული ექიმები არიან და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათეული ათასი დოლარის სანაცვლოდ მზად არიან, ნებისმიერი დასკვნა დაწერონ, რომელიც ამ ძალების, სააკაშვილის ინტერესებში შედის, რომელიც სქართველოს სახელმწიფოს დაკნინებას, შეურაცხყოფას მოემსახურება, უზრუნველყოფს იმას, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს.
აქ ქართული საზოგადოებისთვის ახალი არაფერი ყოფილა. სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამ ბინძური ფულით, ქართველი ხალხისთვის წართმეული, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, თავის დროზე „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსს ყიდულობდა, დღეს უკვე საპატიმროდან იგივე ფულით ცდილობს, წამებულის და პუტინის პირადი პატიმრის სტატუსი იყიდოს. ეს, რა თქმა უნდა, შეუსრულებელი მისიაა. ამ ყველაფერში სიმართლის არცერთი მარცვალი არაა. ვერც მილიონი დოლარი და ვერც ის დიდი ინტერესები სიმართლეს ვერ გადაწონის. სააკაშვილი დამნაშავეა, მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ის არ არის ავადმყოფი, ის სიმულიანტია, უნიჭო არტისტია, რომელიც ამ ყოველდღიური ცირკით ცდილობს, რამენაირად თავი პასუხისმგებლობიდან დაიხსნას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ნებისმიერ რამეზეა ხელის მომწერი, ოღონდ საკუთარი თავი პასუხისმგებლობიდან დაიხსნას.
„ამავე კონტრაქტში საუბარია იმაზე, რომ მილიონი დოლარიდან შუამავალი კომპანია სახელმწიფო, ოფიციალური თანამდებობების პირების მხარდაჭერის უზრუნველყოფას ახდენდა, სასურველი განცხადებების, წერილების, ტვიტების მომზადებას უზრუნველყოფდა, რასაც სენატორების, კონგრესმენების, თუ აქეთ ევროპაში გადმოვინაცვლებთ, ევროპარლამენტარების მხრიდან ვხედავდით. რეალურად, ფულის სანაცვლოდ ისინი ტყუილზე, ფარსზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებდნენ, მეტიც – რეზოლუციებს იღებდნენ, რომელიც მხოლოდ ტყუილს, ცილისწამებას ეფუძნებოდა, რამდენიმე ათეული ევროდეპუტატი ისე აწერდა ხელს და ისე უჭერდა მხარს, რომ მისი შინაარსითაც არ ინტერესდებოდა. რა თქმა უნდა, გასაგები იყო, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ფული იდგა, ფულთან ერთად ასევე დიდი ინეტრესებიც, რაც გულისხმობს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებას, საქართველოში არასარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებას, ისეთი ხელისუფლების მოყვანას რომელიც გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგში ჩაჯდება და მათ ინტერესებს მოემსახურება. ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ ინტერესში არაა დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს. ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესი მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილია, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, რომელიც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იყო. მის მიდგომებში არაფერი შეცვლილა და ამას ვხედავთ, ის ყოველ წამს საკუთარ პოზიციას ცვლის და ნებისმიერ რამეზეა ხელის მომწერი, ოღონდ საკუთარი თავი პასუხისმგებლობიდან დაიხსნას, თავისუფლებაზე გამოვიდეს. ხან ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აღარ ერევა და მისი ინტერესი აღარაა, ხან ამბობს, რომ ახლა სწორედ ბრძოლის დროა. ეს ყველაფერი კომიკურია, მისი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. მისი ნებისმიერო ნათქვამი, თუ პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ გამომდინარეობს ერთი მიზნიდან, რომ რამენაირად მოახერხოს და საპატიმრო დაწესებულებას თავი დააღწიოს. საპატიმრო დაწესებულებაც მეორე საკითხია, ის იმყოფება, ხუთვარსკვლავიან, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე კლინიკაში, სადაც ათეულობით ადამიანი, მედიკოსი მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს. ის არ ექვემდებარება არც მკურნალობას, არც ექიმის რჩევებს. შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს, დაჭერით და დახვრეტით ემუქრება ქართველ ექიმებს, ამ დროს ვხედავთ, რომ ასეულობით ათას დოლარს ამერიკელ ექიმებს უხდის, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მზად არიან, ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, რაც სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას მოემსახურება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი – მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამურად, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით $300 000 დოლარამდე გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები.