ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: არ გვიხარია, როცა ასეთი უსუსურია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია
“მათ პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო ცხოვრებაში კონკურენცია გასწიონ. არ გვიხარია, როცა ასეთი უსუსური და არამოტივირებულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი და სიცრუე უთხრეს საზოგადოებას, როცა ერთ დღეს თქვეს, რომ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტდნენ და მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას კი არ წყვეტდნენ, არამედ დროებით შეაჩერეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი ფორმალური თავმჯდომარის ომახიანი განცხადება უკან წაიღეს, რითაც ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუეს. არის მათი ხელწერა, რაც საზოგადოებამ კარგად იცის. მათ ამ ქმედებებს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა ვერ ექნება. მათ პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო ცხოვრებაში კონკურენცია გასწიონ. არ გვიხარია, როცა ასეთი უსუსური და არამოტივირებულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.