პრეზიდენტზეც არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ადრე მკაფიო პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, არა და არასოდეს, დღეს უკვე მოუწია საკუთარი პოზიციის შერბილება, რადგან მასზე არის სერიოზული წნეხი.
„პრეზიდენტის პოზიციასაც აქვს ერთი ახსნა, რომ მასზეც არის წნეხი იგივე ძალების მხრიდან, რასაც გლობალური ომის პარტიას ვეძახით. ეს არის პირობითი დასახელება. ჩვენ ზუსტად ვიცით, აქ ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ამ გლობალური ომის პარტიის მხრიდან არის წნეხი. პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ დაექვემდებარა ამ წნეხს, მაგრამ მან ხომ არ იცის, ეს წნეხი რამდენად გაიზრდება? აქედან გამომდინარე გახდა უფრო მყიფე მისი პოზიცია. ადრე თუ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, არა და არასოდეს, დღეს უკვე მოუწია საკუთარი პოზიციის შერბილება. იმიტომ, რომ მასზე არის სერიოზული წნეხი და მას რაღაც მომენტში შეიძლება, მოუწიოს მოქმედება, არა როგორც საქართველოს პრეზიდენტს. წნეხი კონკრეტულად უკავშირდება სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.