მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: პირდაპირ ეუბნებოდნენ, დაიზიანე ჯანმრთელობა, ეს არის ერთადერთი გზა, სამართლებრივად არგუმენტი არ გვაქვსო
პირდაპირ ეუბნებოდნენ, დაიზიანე ჯანმრთელობა იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, სამართლებრივად არგუმენტი არ გვაქვსო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ პატიმარს ძალიან მაღალი სტანდარტით უკლებლივ ყველა სამედიცინო სერვისზე ხელი მიუწვდებოდეს.
„ისიც არაერთხელ მითქვამს, რომ აქ არ არის ვითარება, როდესაც ვინმე არამც თუ ლუპით, მიკროსკოპით აკვირდება ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს ზედმიწევნით დაცული. ასეთ დროს ხელისუფლებას აქვს ამაზე პასუხისმგებლობა, თუ კრიტიკა იარსებებს საგნობრივად დასაბუთებული და არგუმენტირებული, რომ რაღაც სჭირდებოდა და არ გავუკეთეთ, ამ შემთხვევაში პრეტენზია იქნება სწორი, მაგრამ, ასეთს არავინ ამბობს და არის პირიქით საუბარი ყველაფერზე.
ასეთ დროს, როდესაც თვითდაზიანების რეჟიმშია, რასაკვირველია, არ მაქვს იმის განცდა და ვარაუდი, რომ აქ შეიძლება რაღაც ფატალურ რეზულტატებამდე მივიდეს და ა.შ. მაგრამ, თუ ასეთს ადგილი ექნა და დამძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნდა მოვნახოთ მიზეზი, რამ განაპირობა და თუკი აღმოჩნდება, რომ მიზეზი არის ხელოვნურად ჯანმრთელობისთვის პრობლემების შექმნის მცდელობები, მთელი ამ თანაგუნდელების, გულშემატკივრების და ა.შ. მთელი მცდელობები მიმართულია, რომ „მიშა, შენი ჭირიმე არ დაიწყო ჭამა“, „შიმშილობა არ შეწყვიტოო“.
გახსოვთ ეს, ჟურნალისტებიდან დაწყებული დამთავრებული პოლიტიკოსებით რას ეუბნებოდნენ, რომ განულდებიო, პირდაპირ ეუბნებოდნენ, დაიზიანე ჯანმრთელობა იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, სამართლებრივად არგუმენტი არ გვაქვსო.
ერთადერთი გზა განთავისუფლების არის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაცია და ამის საფუძველზე განთავისუფლება – აი, ამაში იხდებინება ის ფული, ის მილიონი დოლარი თუ რამდენიც არის, ამაში ხდება ამის გადახდა. ეს არის რეალური მიზანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.