შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიული სტანდარტი, პროცედურა გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ინიციატორი არის მთავრობა, რადგან რეფორმებისა და პროექტების განმახორციელებელი მთავრობაა
„დემოკრატიული სტანდარტი, პროცედურა გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ინიციატორი არის მთავრობა, რადგან რეფორმებისა და პროექტების განმახორციელებელი მთავრობაა და მან უფრო კარგად იცის მიმდინარე საკითხების საჭიროებები, ვიდრე შეიძლება ეს პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატმა იცოდეს. ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი ევროპულ სტანდარტზე იქნება მაშინ, როდესაც კანონპროექტების უმეტესობა სწორედ მთავრობის მხრიდან იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი იქნება ადგილი სადაც ამის საჯარო, დემოკრატიული, კრიტიკული განხილვა მოხდება”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა თუ რატომ ხდება, რომ საკანონმდებლო ინიციატივების უმრავლესობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკუთვნის და არა პარლამენტს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს ბუნებრივია, წარმატების ნაკლები შანსი აქვს.
„პოლიტიკის მთელი იდეაა, რომ არჩევნების გზით მოვიპოვოთ უმრავლესობა ან შევძლოთ კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბება, რომ განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ყველაზე სწორად. ბუნებრივია, ოპოზიციის ინიციატივებს ექნება ნაკლები წარმატების შანსი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს საზედამხედველო ინსტრუმენტების უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.
„ამის საპირწონედ, თქვენ გაქვთ საზედამხედველო ინსტრუმენტების უფრო აქტიურად გამოყენების შესაძლებლობა მით უფრო, ახლა უკვე ახალი რეგულაციებით, და ეს საზედამხედველო ფუნქციებია, რომლითაც ოპოზიციამ განსაკუთრებით უნდა იაქტიუროს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.