არმაზ ახვლედიანი: 2023 წელს ყველაზე მთავარი არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება

„2023 წელს ყველაზე არსებითი, ყველაზე მთავარი არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მე არ მგონია, რომ აქ, დარბაზში იყოს ვინმე, ვინც სხვა აზრზეა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ევროკავშირთან დასაახლოებლად გადასადგმელ ნაბიჯებსა და რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მან ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებს დეპოლარიზაციის შემცირებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. “სტატუსის მიღება უმთავრესი, არსებითი რეფორმების გატარების გარეშე შეუძლებელია. უპირველესად ვგულისხმობ დემოკრატიულ რეფორმებს და ყველა იმ რეფორმას, რაც გვაკავშირებს 2024 წელთან, არჩევნებთან.
ყველას მოგიწოდებთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გადავდგათ ნაბიჯები. არავინ იფიქროს, რომ სისუსტის გამოვლინებაა ზოგჯერ კომპრომისზე წასვლა, დათმობა. მოვუწოდებ კოლეგებს რომ კიდევ ერთხელ სწორად, ზუსტად გავიაზროთ რა შეიძლება დაემართოს საქართველოს ჩვენი ამ გაუთავებელი დაპირისპირების გამო და იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ შეთანხმებას უმთავრეს საკითხზე, რომ ხვალის საქართველოში თაობებმა შეძლონ ცხოვრება ევროპულ, დალხენილ, წარმატებულ სახელმწიფოში”, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები