მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში გააცნო

ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები 2022 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური საკითხი იყო.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტმა 15 მარტს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვის შესაბამისად, მტკიცედ გამოხატა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში, რაც 2022 წელს კომიტეტების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს არაერთი კანონი მიიღო, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია: საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა 117 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება განიხილა, რის შედეგადაც, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 20-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები