გიორგი ხელაშვილი: ევროკომისიის დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის რეაქცია გვაიმედებს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ

“ევროკომისიის დასკვნა ქვეყნისთვის და მთავრობისთვის არის ძალიან კარგი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის რეაქცია იძლევა იმედს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ და მმართველ გუნდთან ერთად იმუშაონ.

„როცა მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება არა ერთი და ორი, არამედ დაახლოებით თორმეტი ქულით, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ემოციურად ან რაღაც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება, ევროპის შიგნით რომელიმე დიდი ქვეყნის ჩარევით. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ საქართველო გეოგრაფიულად სხვაგან მდებარეობს და ამიტომ ეს ფაქტორი რაღაცნაირად გაითვალისწინეს. ეს ახალი დოკუმენტი საკმაოდ მძლავრად პასუხობს მთელ ამ ფსევდოარგუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

ამ დოკუმენტზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის რეაქცია გვაიმედებს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ, უკან წაიღონ თავიანთივე არგუმენტები, რომ ეს მთავრობის ბრალი იყო, მთავრობა მზად არ იყო და ჩვენთან ერთად იმუშაონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, გასულია პოლიტიკური სპექტრიდან. ეს არის ბოლშევიკური ფსევდორევოლუციური პარტია, რომელიც ახლა კიდევ უფრო გარადიკალდა, ვინაიდან ლიდერად სრულიად არაადეკვატური პიროვნება აირჩიეს. ის, რომ ამ ოპოზიციის ლიდერი ხაბეიშვილია, არის შეურაცხყოფა არა მარტო საქართველოსი, არამედ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის. წესით, ასევე არის შეურაცხყოფა იმ პარტიების, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდნენ. ამიტომ შეგვიძლია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაში ხაზი გადავუსვათ, როგორც შესაძლო პარტნიორს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 12 პუნქტში არის მთელი რიგი მუხლები, რომლებსაც ხმების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რათა შესრულდეს, და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობს, ძალიან ხშირად შინდება ამ რადიკალების თავდასხმების გამო. მე იმედი მაქვს, ევროკავშირის ეს დოკუმენტი მათ მისცემს ადამიანურ, მორალურ და პოლიტიკურ სიმამაცეს, რომ წინ აღუდგნენ ხაბეიშვილებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკერიებს და მსგავს პიროვნებებს“, – განაცხადა ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები