ლაშა ხუციშვილი: საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა აგებულია ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე
საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა აგებულია ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის – „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა.
გამოსვლისას, მან ისაუბრა სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივასა და სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების შესახებ.
„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი, სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება და დროის ეს შუალედი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე. დღეისათვის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა შეფასებული. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს“, რა მიზანსაც „Fitch“-ის ბოლო ცვლილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ერთდროულად მრავალი მიმართულებით წინსვლა სჭირდება.
„ეს მიმართულებებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, რაც ბოლო წლებია ჩვენი ძლიერი მხარეებია, ქვეყნის მმართველობის ხარისხი, რითაც აგრეთვე ლიდერი პოზიცია გვიჭირავს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, საგარეო მოწყვლადობები, სადაც ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ქვეყანამ შემცირების მიმართულებით, გეოპოლიტიკური რისკები და ქვეყნის შემოსავლების დონე, რაც არის გრძელვადიანი გამოწვევა და სადაც ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი როლი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან განაცხადა, ერთი მხრივ, შემოსავლების ზრდისთვის, ანუ ეკონომიკური ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მმართველობის მაღალი ხარისხი, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის – „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა მესამე დისკუსია, რომლის მთავარი თემა იყო „საინვესტიციო პოლიტიკა“.
დისკუსიაში ფინანსთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი გიორგი აბაშიშვილი.