„რუსეთის წინააღმდეგ  ორმხრივ    სანქციებზე მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა,   ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, მაღალი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა“ – კვლევის შედეგები 

რუსეთის წინააღმდეგ  ორმხრივ    სანქციებზე მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა,   ნაცვლად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, მაღალი ალბათობით ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, –   ამის შესახებ ეკონომისტმა,  „თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების  ცენტრის“ დირექტორმა, „ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა, ვახტანგ ჭარაიამ  მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისი თქმით,  აღნიშნულს ადასტურებს კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ  რა შედეგს მოიტანდა საქართველოს მიერ  რუსეთისთვის სანქციების უშუალოდ,   ინდივიდუალურად, ერთი ერთზე  დაწესება.

„დღეს გვინდა, წარმოგიდგინოთ კვლევის წინასწარი შედეგები,   რომელიც საკმაოდ საინტერესო მიმართულებით განვახორციელეთ, რომელზე კვლევაც ჯერ არავის დაუდია. ტელევიზიით ხშირად ვისმენთ ურთიერთბრალდებებს  ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის,  ან ზოგადად დასავლეთისადმი,  თუ რუსეთისადმი სხვადასხვაგვარად განწყობილი ადამიანების მხრიდან,   თუმცა, ეს დავა და ჭიდილი კონკრეტულ არგუმენტებს იშვიათად ეფუძნება ხოლმე. ეს  უფრო აღქმებს ეფუძნება –   კარგი იქნებოდა თუ არა რუსეთის  წინააღმდეგ არსებულ სანქციებზე ინდივიდუალურ რეჟიმში მიერთება.  საერთაშორისო, მრავალმხრივ   ჭრილში, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო  სანქციებს მიერთებულია.  თუმცა, საუბარია ერთი ერთზე მიერთებაზე,   როგორც ცალკეულმა ქვეყნებმა  განაცხადეს, თუმცა, ასრულებენ თუ არა ბოლომდე,  ესეც საკითხავია. კვლევის  საკითხი ეხება იმას, თუ რა შედეგს მოიტანდა საქართველოს რუსეთისთვის სანქციები უშუალოდ,   ინდივიდუალურად, ერთი ერთზე  რომ დაეწესებინა.

ჩვენი კვლევის მიზანი არ იყო, ვინმესთვის დაგვემტკიცებინა, რომ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს  არ უნდა შევუერთდეთ. არც ის არის ჩვენი მტკიცება, რომ რუსეთზე ორმხრივ სანქციებს უნდა მივუერთდეთ.

ვთვლით, რომ რუსეთის წინააღმდეგ  ორმხრივ    სანქციებზე მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა,   ნაცვლად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდისა, მაღალი ალბათობით ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა.  ამას არ უნდა შევხედოთ მხოლოდ 2022 წლის ჭრილში. სახარბიელო მდგომარეობა არც 2023 წელს გვექნებოდა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებს რომ შევხედოთ,  რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს, რომ რუსეთს ორმხრი სანქციებს უწესებენ,  თუმცა,  იქაც საკითხავია,  რამდენადა ეს ორმხრივი სანქციები ბოლომდე შესრულებული.  სადაც გამოაცხადეს და სადაც ეს უფრო აქტიურად ჩანს, როგორც მინიმუმ,  რიტორიკის დონეზე,  ვხედავთ,   რომ დასავლეთი მათ ისეთ მხარდაჭერას,   როგორიც  მაგალითად 2008 წელს საქართველოს  მძიმე კრიზისის შემდოგომ ჰქონდა, არ უწევს. ანუ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას თავიანთი ეკონომიკის შესაძლებლობების შემცირებით თავადვე პასუხობენ. მხოლოდ ინფლაციურ ჭრილში რომ შევხედოთ: ჩვენ ძალიან გვტკივა,   რომ შარშან დაახლოებით 10 %-იანი ინფლაცია გვქონდა,  ინფლაციის მაჩვენებელი   ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში 18-დან 23 %-მდე გახლავთ“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით,    ამ ეტაპზე, კვლევა სამი მიმართულებითაა ჩატარებული.

„ერთი  მიმართულებაა   ვაჭრობა, რომელიც  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მოგეხსენებათ,   ქართულ საგარეო ვაჭრობაში რუსეთთან ვაჭრობა საკმაოდ  დიდ წილს შეადგენს. ინვესტიციების მიმართულება  ასევე   ძალიან საინტერესოა.    ამ ჭრილში რუსეთთან ურთიერთობა  საკმაოდ სუსტია, ანუ რუსები საქართველოში დომინანტი ინვესტორები არ არიან, თუმცა, მაინც საინტერესოა, რა ეფექტი გვექნებოდა. მესამე მიმართულება   ფულადი გზავნილებია, სადაც რუსეთი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთ-ერთი დომინანტი ქვეყანაა.  მისი წილი ბოლო წლებში მცირდება,  გარდა 2022 წლისა. თუმცა, მთლიანობაში ჯერ კიდევ  მაინც საკმაოდ დიდი წილი უჭირავს.    ჩვენი კვლევა მოამზადა ბატონმა ნოდარ კაპანაძემ, რომელიც საქართველოში   სტატისტიკის  მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანია ქართველოში“, –  განაცხადა ჭარაიამ.

პრესკონფერენციაზე კვლევის დეტალები ეკონომისტმა, ნოდარ კაპანაძემ წარადგინა.

„პირველ ყოვლისა,  ვახსენებ,  თუ რა მაჩვენებლები გამოვიყენეთ ამ კვლევისთვის. მინდა, გითხრათ რომ არაფერი განსაკუთრებული,  საიდუმლო მონაცემები არ გამოგვიყენებია. გამოვიყენეთ ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც  საჯარო სივრცეშია. ესაა  მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, იმპორტის და ექსპორტის სტატისტიკა, რომელიც სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება,    ასევე ფიზიკური მოცულობების მაჩვენებლები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.  საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები,  ფულადი გზავნილების სტატისტიკა,  საერთაშორისო ვაჭრობის  გაერო-ს  პორტალის მონაცემები, სადაც მთელი მსოფლიოს საერთაშორისო  ვაჭრობის მონაცემებია თავმოყრილი. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვნახეთ საქართველოს და რუსეთს შორის საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენცია. საერთაშორისო ვაჭრობა მზარდია, რუსეთის წილიც შესაბამისად საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში მზარდია.  დავიანგარიშეთ  საერთაშორისო  სავაჭრო ბრუნვის და ფულადი გზავნილების დამოკიდებულება  მთლიან შიდა პროდუქტზე,  მათი ცვლილება რა ცვლილებას იწვევს    მთლიანი შიდა პროდუქტის   მოცულობაში. მთლიანი შიდა პროდუქტი  გამოვიყენეთ არა მიმდინარე ფასებში, არამედ შესადარ ფასებში, 2015 წლის ფასებში გადაანგარიშებული,  რათა დაგვეთვალა რეალური ზრდა და არა ნომინალური ზრდა.  ამ სტატისტიკის დეტალური ანალიზით თავს არ შეგაწყენთ.

3 სხვადასხვა სცენარი განვიხილეთ. უარესი შემთხვევა:

2022 წელს მივუერთდებოდით მთლიანად სანქციებს,  მთლიანად დაიკეტებოდა რუსეთთან საგარეო ვაჭრობა  და განულდებოდა მიღებული გზავნილები.

ოპტიმისტური სცენარი  იყო, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა დაიკეტებოდა, მაგრამ რაღაც გზებით,  შემოვლითი გზებით, ლოგისტიკური ჯაჭვების გადაწყობით და ა.შ.  სანახევროდ მაინც შენარჩუნდებოდა ის ნაკადები,  რომელიც  რუსეთიდან შემოდიოდა.

ასევე, შუალედური სცენარი, რომელიც ამ ორი უკიდურესი სცენარის საშუალოა.

აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი შედეგი: 2022 წელს   ეკონომიკის რეალური ზრდა მოსალოდნელია 10,  8 %.  თუ მთლიანად მივუერთდებოდით სანქციებს,  დაახლოებით 11 %-იანი ზრდის ნაცვლად, უარეს შემთხვევაში მივიღებდით 11, 4 %-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც დაახლოებით არის 9, 2 მილიარდი 2015 წლის  ლარის ზარალი. მიმდინარე ფასებში 2022 წლის ფასებში ესაა 14, 5  მილიარდი ლარი.

შუალედური სცენარით, მივიღებდით ეკონომიკის დაახლოებით 5-6 %-იან ვარდნას. რაც არის დაახლოებით 7 მილიარდი 2015 წლის ლარი. ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში  დაახლოებით 0, 3 – 0, 4  %-იან ეკონომიკურ ვარდნას, ზარალი იქნებოდა 4, 6 მილიარდი 2015 წლის ლარი.   საგარეო ვაჭრობის და ფულადი გზავნილების შეწყვეტის  ეფექტი დაახლოებით ასეთი იქნებოდა.

სანქციებზე მიერთების პირობებში შესაძლოა,  მომხდარიყო რაღაც  ესკალაცია,  ან არასტაბილური ვითარება, რომელიც, პირველ ყოვლისა,  გავლენას ინვესტიციებზე მოახდენდა.

2022 წელს  ინვესტიციების მოცულობა,   წინასწარი შეფასებით, დაახლოებით   2 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტი იქნება. ამ ინვესტიციებიდანაც განვიხილეთ  არა მთლიანად ინვესტიციები  მაჩვენებელი,  არამედ  რეინვესტირების კომპონენტი, რომელიც ასეთი არასტაბილური ვითარებიდან ყველაზე უფრო მოწყვლადია. რეინვესტირება გარანტირებულად შემცირდებოდა. ჩვენ დავუშვით, რომ ის  დაახლოებით ორჯერ შემცირდებოდა.  უარესი სცენარით 11, 4 %-იან ეკონომიკურ ვარდნას ინვესტიციების შემცირების გამო გამოწვეული ვარდნა დაემატებოდა  და  17, 1 %-იანი  ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა.  შუალედური სცენარით  10 %-იანი ვარდნა,  ხოლო ოპტიმისტური სცენარით 4 %-იანი ვარდნა იქნებოდა. ეკონომკური ზრდა არცერთ ვარიანტში არ იქნებოდა. ყველა შემთხვევაში ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა. ზარალიც გაცილებით მეტს  შეადგენდა:  ყველაზე უარეს შემთხვევაში 11, 6 მილიარდი 2015 წლის ლარი, რაც 2022 წლის ფასებში დაახლოებით 18 მილიარდი ლარია.

ეს ყველაფერი  მხოლოდ 3 კომპონენტია: საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები. არ არის გათვალისწინებული, თუ როგორი იქნებოდა ზეგავლენა  მოსახლეობის  შემოსავლებზე, ეს ცალკე ანალიზის თემაა. ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ.   სახელმწიფო ბიუჯეტზე რა გავლენა ექნებოდა – ბიუჯეტის დეფიციტი გარანტირებულად გაიზრდებოდა. მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა უმუშევრობის დონეზე. ეს ჯერ გაზომილი არ გვაქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები