საქართველოში საფრანგეთის ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველმა მოადგილე კახა სიხარულიძემ და მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შერაზ გასრისთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს და მასთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს შორის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობებზე, დადებითად შეაფასეს კულტურული თანამშრომლობა. თუმცა, ელჩის მხრიდან აღინიშნა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ კულტურის ნაწილის კიდევ მეტად გააქტიურების სურვილი და საქართველოსთან კიდევ მეტი საერთო კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა როგორც საქართველოში, ასევე, საფრანგეთში. ფრანგულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს გაუზიაროს მუზეუმების შექმნისა და მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მნიშვნელობაზე, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე, სამინისტროს სისტემაში მოქმედი სხვადასხვა თეატრისა თუ მუზეუმის ფრანგულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ქართველი მორაგბეებისა და სხვა სპორტსმენების საამაყო შედეგებსა და ამ მიმართულებით საფრანგეთთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
„მხარეებმა ისაუბრეს პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსა და ქართული ლიტერატურის უკეთესად წარდგენის სურვილისა და ამ მიზნით განსახორციელებელი აუცილებელი სამუშაოების შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო ლევილის მამულში წარმოებული სამუშაოების გეგმასა და პერსპექტივებს, რის შემდეგაც, მინისტრმა ელჩს ლევილის მამულის, საფრანგეთში საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სიმბოლოს, დათვალიერება შესთავაზა, რასაც ელჩი სიხარულით დათანხმდა.
თეა წულუკიანმა გამოხატა მზადყოფნა წარმატებული თანამშრომლობისთვის და ელჩს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობის გაღრმავებას. ორივე მხარემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მალე დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსათვის სამართლიანი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.