კულტურის სამინისტრომ, მწერლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
2022 წელს კონკურსისთვის გამოიყო 60 000 ლარი და დაფინანსდა 15 პროექტი.
2023 წელსაც კონკურსისთვის 60 000 ლარია გამოყოფილი.
კონკურსის მიზანია: ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის გამოცემების ხელშეწყობის გზით ნიჭიერ ავტორთა აღმოჩენა.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – ქართველ ავტორებს, გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს. იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება. თითოეულ კონკურსანტს საკონკურსოდ შეუძლია მხოლოდ ერთი განცხადების წარდგენა.
უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს იმ პროექტს (პროექტებს), რომელიც (რომლებიც) ითვალისწინებს ამა თუ იმ ლიტერატორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას, მათი შემოქმედების უკეთ წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.
საკონკურსო პროექტის/ღონისძიების დაწყების თარიღია 2023 წლის 6 მარტი, დასრულების თარიღი – 2023 წლის 1-ელი ნოემბერი.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 10 თებერვლის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4) ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციებისთვის დაუკავშირდნენ სამინისტროს „ცხელ ხაზს“, ტელ.: 032 2 022229; 599 877 816 სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი- https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები- https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/v9ZTt9w