პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
1-ელ თებერვალს, საქართველო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით”. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„წელს კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების ძიება, საზოგადოებისთვის უცნობ ხელოვანთა სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება – ახალი დადგმებით გამდიდრება.
2021 წელს აღნიშნული კონკურსის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენდა და დაფინანსდა 11 პროექტი, ხოლო 2022 წელს კი – 246 000 ლარს და დაფინანსდა – 13.
წლევანდელი კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები, ძირითადად, სადადგმო ხარჯების მოსაპოვებლად. თუმცა, შესაძლებელია, დაფინანსდეს სხვა ხარჯებიც; კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 10 თებერვლის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ: N:032 202 2229 ან 599 14 32 48. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh ;
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau .
საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/b9ZRPFL