გიორგი ცუცქირიძე ე.წ. შავ ხვრელებზე: წამყვან უცხოურ მედიასაშუალებებში რეალობის გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება ხდება
რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქცირებული პროდუქციის გვერდის ასავლელად, საქართველოს გარდა შეუძლია როგორც აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნების გამოყენება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ე.წ შავი ხვრელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით წამყვან უცხოურ მედიასაშუალებებში, ქართულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებში რეალობის გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება ხდება.
„საქართველო და „შავი ხვრელების“ თემა რადგან კვლავ აქტუალურია, საერთაშორისო და ქართული ოპომედიის და მათი საექსპერტო შეფასებებისათვის, იელის უნივერსიტეტის ახალი მოხსენების შემდეგ, კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE Institute) ანგარიშსაც გთავაზობთ.
მოგეხსენებათ იელის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა მოიცავს 1389 კომპანიას, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, ევროპიდან, კვლავ ახორციელებს ბიზნესს რუსეთში ნაკლებად ან უფრო გაზრდილ ბრუნვაში, რითაც ღიად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ზეწოლას რათა დატოვონ რუსეთი უკრაინის შეჭრის შემდეგ და შესაბამისად აფინანსებენ რუსეთის ბიუჯეტს და მხოლოდ 341 კომპანიაა, რომლებმაც „მთლიანად“ შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში, რაც მხოლოდ 24.5 %-ს შეადგენს!
არანაკლებად საინტერესოდ თუ მეტად არა, გამოიყურება კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE Institute) ანგარიში, რომლის თანახმადაც ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების კიდევ უფრო ნაკლებმა მხოლოდ 179 საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, რაც მხოლოდ 6%-ს შეადგენს! ამავდროულად კი 1218 კომპანია, რომლებიც რუსულ ბაზარზე არსებული უცხოური კომპანიების 40%-ს შეადგენენ, რუსეთში საქმიანობას ომის დაწყების შემდეგაც უცვლელად აგრძელებენ.
ახლა კი უშუალოდ ე.წ შავი ხვრელების თემაზე.
რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქცირებული პროდუქციის გვერდის ასავლელად, საქართველოს გარდა შეუძლია როგორც აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნების გამოყენება.
თუ საქართველოზეა საუბარი, საქართველოს გავლით ტვირთი მხოლოდ 3 ქვეყნიდან შეიძლება შევიდეს ლარსიდან, საჰაერო გზით უბრალოდ გამორიცხულია, რადგან აქედან პირდაპირი საზღვარი რუსეთს აქვს აზერბაიჯანთან, ხოლო მეორე მარშრუტს – სომხეთს, ჩვენს და ირანის გარდა არც არავისთან არა აქვს.
კიდევ ერთი მარშრუტი არის თურქეთი და თუ თურქეთიდან ხდება ამ სახის ტვირთის შემოტანა და საქართველოს გავლით გატანა, მაშინ ბუნებრივია თურქეთის მიმართაც უნდა იყოს ანალოგიური ბრალდებები.
რჩება ჩინური ხაზი. საეჭვოა ამერიკის მოკავშირე ტაივანიდან, გადაქონდეთ ჩიპები კონტრაბანდით და თუ ეს ასეა, ისევ აშშ-ის სპეცსამსახურების პრობლემაა და ნაკლებად ჩვენი.
თუ დავუშვებთ ასეთი საქონელი მაინც შედის, რუსეთს ყველაზე დიდი საზღვარი აქვს ჩინეთთან და ყაზახეთთან, სადაც დღეს ჩინეთის გავლენები როგორც არასდროს ისეა გაზრდილი და თუ შედის სავარაუდოდ, სწორედ ამ მარშრუტით შედის. ჩიტი არ არის ტანკი, რომ კოსმოსიდან დაფიქსირდეს, ჩემოდანითაც კი შეიძლება ჩინური მარშრუტიდან კონტრაბანდით მისი რუსეთში თავისუფლად შეტანა.
აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველოზეა მინიშნებები, უცხოურ მედიაში ეს ყველაფერი არის ბლეფი, რადგან დღემდე ამის დოკუმენტალური და არგუმენტირებული დასაბუთება, ვერც უკრაინულმა მხარემ, ვერც რომელიმე ქვეყანამ თუნდაც აშშ-ის სპეცსამსახურებმა და ვერც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ წარმოადგინა!
აქ გაჟღერებული ცალკეული საექსპერტო შეფასებები, თითქოსდა სავაჭრო ბრუნვის გაზრდა არის საეჭვო ყაზახეთთან და სომხეთთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, და არც ავტომატურად არ ნიშნავს სანქციების ავლას. როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთს ამის გაკეთება ე.წ ციმბირული ხაზითაც უპრობლემოდ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უარყოფს რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდებას.
კიდევ ერთხელ განვმეორდები, თუ როგორ ხდება რეალობის გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება, წამყვან უცხოურ მედია საშუალებებს თავი რომ დავანებოთ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები არანაკლებ ორკესტრირებულად ატირაჟირებენ!
სწორედ ამგვარი არასახელმწიფოებრივი აზროვნების და პოლიტიკის ნარატივია მათი განულებული რეიტინგებიც, რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს აჩვენებს ქართული ოპოფლანგის რეალურ სახესაც.
ამ ტიპის ანკესზე მხოლოდ ყველაფერზე წამსვლელი და იდიოტიზმამდე დასული პოლიტიკური პარტიები შეიძლება წამოიკიდო, ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული წამგებიანი ოპონირებაც სახეზეა, რაც პირდაპირ აისახება მათ განულებულ რეიტინგებზე!
ხალხი კი ყველაზე ბრძენია და საკმაოდ გამოცდილიც ამგვარ ორმაგი სტანდარტების და ვირეშმაკულ თამაშებში და არც არაფერს არ ჭამს, გინდა ეს რუსული ნარატივი იყოს და გინდათ ამერიკული!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.