თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ეწვია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერთიანების ახალ დირექტორს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ უმასპინძლა. ირაკლი ქარქაშაძემ დაათვალიერა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და გამგზავრების ტერმინალი. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური განვითარების გეგმებზე (ე.წ მასტერპლანი), რომლებზე მუშაობის პროცესში TAV Georgia ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობდა. აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა თებერვალში დასრულდება.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისაუბრეს აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობაზე, რისთვისაც უახლოეს პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები