შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. მისი მიზანი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 2 მაისიდან, საქართველოს პროგრესული ფორუმისა და UNDP-ს ერთობლივი ძალისხმევით, შრომის ინსპექციის სამსახურში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საკონსულტაციო ცენტრი – ცხელი ხაზის (15-75) სახით, რომელიც სატელეფონო კონსულტირების გზით გასცემს ინფორმაციას შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე.
“ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო ახლადშექმნილი საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის პირველი შედეგები. ამ დროის განმავლობაში, საკონსულტაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 6200-ზე მეტი ზარი განხორციელდა.
კონსულტანტები და ოპერატორები შემოსულ ზარებს ამუშავებენ, კითხვის შინაარსის შესაბამისად, რაც გამოწვევების სწორად იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს.
საკონსულტაციო ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, მისი თქმით ახალი პლატფორმა კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სამსახურის მუშაობას.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი.
შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი არის ორდონიანი საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც დაკომპლექტებულია ცხელი ხაზის ოპერატორების, შრომის სამართლის კონსულტანტის, შრომის უსაფრთხოების კონსულტანტისა და ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციებისგან.
გარდა ცხელი ხაზის ოპერატორებისა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს კონსულტაციას თავად შრომის ინსპექტორებისა და უწყების სხვა თანამშრომლებისგან.
შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები პარლამენტიდან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციებიდან.
შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი დაფინანსების ფონდისა და შვედეთის მხარდაჭერით.
ცენტრის შექმნაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია.