საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება.