საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ექსპერტებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს
საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნენ. სწორედ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელობამ ექსპერტებთან ერთად განიხილა. ექსპერტებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
ტექნოლოგიური სიახლეების გარდა ექსპერტები დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილია თანამშრომელთა მაღალი ჩართულობა, ამასთან გეგმის პროექტის განხილვაში საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებიც მონაწილეობენ. გეგმის დამტკიცების შემდგომ კი დოკუმენტი იქნება საჯარო.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, მიმდინარე საარჩევნო პროცესების, ტექნოლოგიური და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ექსპერტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი პროფესიული, კვალიფიციური და ექსპერტული მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში.
„დატვირთული და ნაყოფიერი გამოვიდა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან. ჩვენ მათთან ერთად განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს განხორციელებული საარჩევნო რეფორმიდან. განვიხილეთ მათი აღსრულების გზები. წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ინტენსიური განხილვა და რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებს აუცილებლად განვიხილავთ და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, იმისთვის რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ პროცესების გაუმჯობესება და ამომრჩევლებს მომავალი არჩევნები კვლავ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შევთავაზოთ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.