მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვება “ნაცმოძრაობისთვის” რაიმე წარმატების მომტანი იყოს

“ლევან ხაბეიშვილი პარტიისთვის რას შეცვლის და რა სიახლეებს მოუტანს, ალბათ, ის, რითაც წარმოდგენილი იყო წინასაარჩევნოდ: მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

სარჯველაძის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ ხაბეიშვილის გამარჯვება “ნაცმოძრაობისთვის” რაიმე წარმატების მომტანი იყოს.

„ფაქტია, რომ მიმართულება, რომელიც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, საზოგადოებისთვის მეტი დესტრუქცია გაეჩინათ, ეს ხაზი იქნება შემდგომი მიმართულება, რაც ქართულმა საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა და არ მგონია, ამ პარტიას ამ მიმართულებით განვითარება მაინც და მაინც წარმატებას უქადის. არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიისთვის რაიმე წარმატების მომტანი იყოს. ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა. რეალურად, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ესკალაცია ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ვერ შეძლებენ თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში დარჩებიან ცალკეული პირები. ადამიანები, რომლებიც დაუფარავად მხარს უჭერდნენ ხაბეიშვილს. ისინი არიან ყველაზე უფრო დესტრუქციული და ფსკერზე მყოფი პოლიტიკოსები, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა და რომელიც ყველაზე მეტად ტოქსიკური იყო“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები