რუსთავში სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაარსებული საწარმო ,,სერპენსის” რებრენდინგის და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან, პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
როგორც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმო მთლიანად შეესაბამება თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებს.
“ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, ეს განვითარება იყოს მდგრადი და პასუხობდეს მოსახლეობის ინტერესებს”- განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ნინო ლაცაბიძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსთავისთვის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოების არსებობის და ქალაქში ინვესტიციების შემოდინების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. რუსთაველები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკოლოგიას და ასეთი საწარმოები არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ეკონომიკა და ამ დროს, ეკოლოგიაზეც ვიზრუნოთ. ჩვენი ქალაქისთვის, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ეს კომპანია ძალიან ხშირად გამოხატავს. იმედია, რუსთავში ძველი ქარხნების მოდერნიზება მოხდება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად და თითოეული ახალი საწარმო, რომელიც დაარსდება, იქნება ეკოლოგიისთვის და ჩვენი ქალაქისთვის უსაფრთხო”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავში, ამერიკული სტანდარტის, ნავთობპროდუქციის გადამამუშავებელი ქარხანა ,,სერპენსის” მშენებლობა, რომელიც აქამდე ,,რუსთავოილის” სახელით იყო ცნობილი, 2018 წელს დაიწყო. საწარმოს მშენებლობისთვის, 2017 წელს, სახელმწიფომ, კომპანიას ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, რუსთავში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადასცა. საწარმომ მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო, დღემდე, ,,სერპენსში” განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმოში ძირითადად რუსთაველები არიან დასაქმებულნი. ,,სერპენსი” გზების მშენებლობისთვის საჭირო პროდუქციას – ბიტუმს აწარმოებს და მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ახლო მომავალში, კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.