ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, გონების კარგვა ექიმს ან ექთანს არ დაუფიქსირებია
კოვიდის შემთხვევაში, როდესაც სხვა თანმხლები დაავადებებიც არის, გართულებები გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, რაიმე მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გართულებებთან გვექნება, არ არსებობს, – ასე აფასებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, როგორიცაა ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები, ნორმაშია. პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს მხოლოდ ადვოკატის ხედვაა. პაციენტს ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ამოწმებენ და მისი პარამეტრები კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ შეესაბამება, ამიტომ ის მკურნალობას პალატაში აგრძელებს.
კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. რისკებზე მე ზოგადად ვსაუბრობ, რადგან კოვიდს გართულებები ახასიათებს. ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა თანმხლები დაავადებებიც არის, გართულებები გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, რაიმე მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გართულებებთან გვექნება, არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა, ნევროლოგიური სტატუსის გამო, კოვიდინფიცირებული პაციენტისთვის საჭირო კონკრეტული მედიკამენტები ვერ მიიღო.
„მისი მკურნალობა შეზღუდული არანაირად არ არის. მიხეილ სააკაშვილი იმ აუცილებელ მედიკამენტებს იღებს, რაც მას სჭირდება. პალატაში არც რაიმე დამატებითი აპარატურა შეუტანიათ, რადგან ეს პაციენტს არ ესაჭიროება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა და ქალბატონმა გიული ალასანიამ იციან, რომ პალატა სრულად იყო აღჭურვილი იმ აუცილებელი ტექნიკით, რაც პაციენტს სჭირდებოდა და ის იმავე პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მიხეილ სააკაშვილის სატურაცია ნორმის ფარგლებშია, ამიტომ მას დამატებითი ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდება. რა საჭიროა სასუნთქი აპარატი?
რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არ ვიცი რატომ. არცერთ შემთხვევაში, ექიმს ან ექთანს გონების კარგვა არ დაუფიქსირებია. პაციენტს პერსონალური ექთანი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პალატაშია.
მე გეუბნებით იმ რეალობას, რაც არის. ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ეს გონების კარგვა იწერება, როგორც ინფორმაცია „პაციენტის გადმოცემით“, მაგრამ დაფიქსირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.