ბრიტანეთის საბჭომ ჟურნალისტები დააჯილდოვა
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და bp სიამაყით აცხადებენ bp საქართველოს მიერ ქართული მასმედიის წარმომადგენლებისთვის წამოწყებული და დაფინანსებული, ინგლისური ენის პროგრამის მორიგი წარმატებით დასრულებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, bp-იმ დააფინანსა ინგლისური ენის კურსები იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ მედია წყაროებს და აშუქებენ თემებს, რომელიც ეხება სხვადასხვა სფეროს, ხელოვნებისა და კულტურიდან დაწყებული, ბიზნესისა და პოლიტიკის ჩათვლით.
ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭო ეხმარება ქართული მედიის ასობით წარმომადგენელს ინგლისურ ენაზე სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
2021-2022 აკადემიური წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭომ ჟურნალისტებს შესთავაზა მოქნილი კურსი, დისტანციურ რეჟიმში, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა მარტივად დაებალანსებინათ თავიანთი პირადი და პროფესიული ვალდებულებები.
ზოგადი ინგლისური ენის გაკვეთილების გარდა, ჟურნალისტები ესწრებოდნენ myJournalism-ის სესიებს, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იყო კურსის მონაწილეთა პროფესიულ საჭიროებებსა და დამახასიათებელ ენობრივ სტრუქტურებზე.
ამასთან ერთად, მათ შეეძლოთ ესაუბრათ და დაეწერათ მიმდინარე მოვლენებსა და აქტუალურ თემებზე.
კურსის მონაწილეთა უკუკავშირი ხაზს უსვამს მათ სასიამოვნო გამოცდილებას, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსებისგან მიიღეს.
“ეს კურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსები დამეხმარა ენის მიმართ ჩემი შიშების გაანალიზებაში და ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით კომუნიკაციის დონეზე. წლების განმავლობაში თავს ვარიდებდი საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობას მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. თუმცა კურსში მონაწილეობამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პროფესიული ცხოვრების მრავალი ასპექტის მიმართ – ამ კურსიდან მიღებული ცოდნის დახმარებით მონაწილეობა მივიღე საბერძნეთის საერთაშორისო საზაფხულო მედია სკოლის პროექტში და ავიღე სტიპენდია ტრენინგისთვის. ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ყოველივე ეს, რომ არა ბრიტანეთის საბჭოს კურსები. ამ გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მან მომცა მოტივაცია, არ გავჩერდე, ვიმუშაო სუსტ მხარეებზე და დამოუკიდებლადაც კი გავიუმჯობესო უნარები. უზომოდ მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის”, – თქვა თეკლა ადამიამ.
“მინდა მადლიერება გამოვხატო bp საქართველოს მიმართ, რომელმაც დააფინანსა ინგლისური ენის კურსები ჟურნალისტებისათვის. ყოველივე ამან, ჩვენ საშუალება მოგვცა ბრიტანეთის საბჭოს MyClass-ის გაკვეთილებსა და MyJournalism-ის სესიებს დავსწრებოდით.
მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება”, – აღნიშნა რუსუდან გვაზავამ.
“ინგლისური ენის კურსი ნამდვილად შესანიშნავი იყო. ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება გახლავთ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მონდომებით ვესწრებოდი ყველა სესიას და ონლაინ გაკვეთილებიც საკმაოდ საინტერესო იყო.
კიდევ ერთხელ მადლობა bp-ის, რომ საშუალება მოგვცა გაგვევლო ინგლისური ენის კურსები”, – თქვა მაკა ბიბილაშვილმა.