მწერალთა სახლში თეიმურაზ ჭუმბურიძის წიგნის წარდგენა გაიმართა  

მწერალთა სახლში თეიმურაზ ჭუმბურიძის წიგნის – “ტაქსი თეთრი არ იყო” წარდგენა გაიმართა.

პრობლემა, რომელიც მასშტაბურია, მწერალმა მხატვრული ნარატივით გადმოსცა. თამაშდამოკიდებული ბიჭის ცხოვრება, რომელმაც „თავი დაკარგა“ და ცდილობს „იპოვოს“.

პერსონაჟი თამაშდამოკიდებულების ოთხივე სტადიას გადის – გართობის, დამარცხების, სასოწარკვეთისა და  უიმედობის ეტაპებს. ავლენს ყველა იმ სიმპტომს, რომელიც ლუდომანებისთვისაა დამახასიათებელი.

მთავარი გმირი, რომელსაც აკვიატებები აქვს და აღიარა, რომ თამაშდამოკიდებულია, ცდილობს, თავი დააღწიოს ამ პრობლემას. მწერალი კი ღიად ტოვებს მთავარ შეკითხვას –  „რა იქნება, ხვალ!“

წიგნში პერსონაჟებს სახელი არ აქვთ, არც გეოგრაფიაა დაზუსტებული. ამ ხერხით მწერალი პრობლემის გლობალურობაზე მიანიშნებს და იმაზე, რომ ყველას შეუძლია წარმოიდგინოს თავი ნებისმიერი პერსონაჟის ადგილას, რასაც კიდევ უფრო ამარტივებს პირველ პირში თხრობა და მკითხველს რეფლექსიის საშუალებას აძლევს.

ფსიქოლოგიური დრამაში – „ტაქსი თეთრი არ იყო“,  მწერალმა თამაშდამოკიდებული ადამიანის ყველა სიმპტომი  გააცოცხლა და მკითხველს საშუალებას აძლევს, გარედან დაინახოს პრობლემა, გარედან დაანახოს ემოციური რყევის საფრთხეები. როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, ემპათია, რა უწყობს ხელს და ახალისებს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

წიგნის “ტაქსი თეთრი არ იყო” გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა. წიგნი საზოგადოებას ქართველმა მწერალმა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ბაღათერ არაბულმა და პოეტმა ჯუბა ღებელმა წარუდგინეს.

წარდგენას ესწრებოდნენ ქართველი მწერლები, ფსიქოლოგები, მედიის წარმომადგენლები.

თეიმურაზ ჭუმბურიძე პროფესიით ფსიქოლოგია. ცოტა ხნის წინ აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი ოფიციალურად გახდა. ასევე არის ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრი.

თეიმურაზ ჭუმბურიძე ასევე, არის „ლიტერატურის ოქროს ფონდის“ ავტორი, რომელიც 2012 წელს დაარსდა და დღეისათვის ფონდში 150 მწერლის 1500-ზე მეტი უნიკალური ვიდეოჩანაწერია ატვირთული. ოქროს ფონდი ქართული მწერლობის მემატიანის ფუნქციას ასრულებს.  სწორედ „ოქროს ფონდისთვის“, ცოტა ხნის წინ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები