“ქალები მომავლისთვის” დაფინანსებით, 25 გოგო პროგრამირების კურსს უფასოდ გაივლის
ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსი გოგოებისთვის დასრულდა.
ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ინფორმაციით, 3 500-მდე განაცხადიდან 25 საუკეთესო მონაწილე შეირჩა.
მათივე ცნობით, შედეგად, ბიზნესფედერაციისა და კომპანია re:educate-ის ერთობლივი პროექტის გამარჯვებულები გაივლიან 6-კვირიან უფასო კურსს “re:სტარტი”, რომელიც შესავალია კომპიუტერულ მეცნიერებაში. პროგრამა მონაწილეებს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის სფეროს შესახებ, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში: რომელი სასწავლო მიმართულება აირჩიონ სამომავლოდ.
პროექტის გახსნის ცერემონიალი დღეს, 21 იანვარს, გაიმართა. ფინალისტებს ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ და კომპანია re:Invent-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პავლე მგელაძემ მიმართეს.
ნინა კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესფედერაციისთვის “ქალები მომავლისთვის” გოგოებისა და ქალების განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, სწორედ ცოდნაა კარგი საფუძველი ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გააქტიურებისა და გაძლიერებისთვის; კონკურსი “ქალები ტექნოლოგიებში” კი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ გზაზე.
„პროგრამირება და ზოგადად ტექნოლოგიები, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში. შესაბამისად, პროექტი “ქალები ტექნოლოგიებში” კარგი შანსია გოგოებისთვის, უპასუხონ ბაზრის მოთხოვნებს, შეიცვალონ პროფესია ან დასაწყისშივე მიიღონ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე”,- განაცხადა ნინა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი, რომლითაც მონაწილეები შეირჩნენ, ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. განაცხადებისა და სამოტივაციო წერილების მიღების შედეგად არჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს გამოცდა და გასაუბრება.
პროექტ “ქალები ტექნოლოგიებში” გამარჯვებულებისთვის სასწავლო პროცესი 23 იანვრიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.