“ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ” – ექიმი გოგონაზე რომელსაც მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

22 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მას გუშინ გვიან ღამით ორგანიზმიდან უცხო სხეულის ამოღების მიზნით ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე  პაციენტი ექსტუბირებულია და მას ბინაზე მალე გაწერენ.

“პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში. პაციენტმა გაუვალობით მიმართა სხვა კლინიკას, სადაც დადგინდა ეს დიაგნოზი და შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში საოპერაციოდ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი ექსტუბირებულია, უკვე თვითონ სუნთქვა და იმედია, მალე გავწერთ ბინაზე. მას ჰქონდა შეხორცებითი გაუვალობა, რა ოპერაციაც გაკეთდა გუშინ და პაციენტი ახლა კარგად არის, რა თქმა უნდა, უცხო სხეულიც ამოღებულია. დიდი მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა 9-საათიანი, ეტყობა ბრიგადაც დაღლილი იყო, ეს არ არის გამართლება, ცუდია, რაც მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ”, – ამბობს რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკის ექიმი.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გოგოს ოპერაციისას ექიმებმა მაკრატელი ჩაუტოვეს თავდაპირველად ოჯახმა გაავრცელა. ოჯახის ცნობით, ქალს გაუსაძლისი ტკივილები 3 თვის განმავლობაში აწუხებდა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ მუცელში მას მაკრატელი ჰქონდა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები