გენერალი გიორგი სურმავა საგარეჯოში მომხდარზე: სჯობს გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხალი დავრჩეთ – საზოგადოება არ არის მომზადებული საგანგებო მდგომარეობისთვის
სჯობს გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხალი დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს 10 ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად, – ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.
„აღმოჩნდა, რომ ჩვენ საზოგადოება მზად არ ვართ ამისთვის. შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში 5 ადამიანს კლავს და ხუთს აზიანებს. არ მგონია, რომ სნაიპერი ყოფილიყო. ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი. არაფერი სნაიპერობა იმას არ სჭირდება, რომ 50-100 მეტრში ადამიანს მოარტყა. ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესი გადასარჩენად მიდიოდა.
გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, სჯობის გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხალი დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს 10 ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად. ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ, საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული“, – განაცხადა გიორგი სურმავამ.
ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.