„ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვართ,   როდესაც საქართველო  მულტიფუნქციური რეგიონული  ჰაბის როლის შესრულებას იწყებს“ –  ეკონომისტი სოსო არჩვაძე

„ფაქტობრივად,  ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვართ,   როდესაც საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული  ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიის  სფეროებში და პერსპექტივაში გვაქვს სერიოზული მზაობა და პრეტენზია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ჰაბად  ფინანსების სფეროშიც იქცეს“, – ამის შესახებ  ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  აღნიშნული გარემოებები  ეროვნული ეკონომიკის  ზრდაზე  პოზიტიურად  მოქმედებს.

„საქართველოს  სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია იზრდება, რაზეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშია საუბარი. 2022 წელმა ჩვენ ამის ნათელი მაგალითი მოგვცა, როდესაც გასაგები მიზეზების გამო  რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან  დაკავშირებით ტვირთების ნაწილის საქართველოზე გადმომისამართება მოხდა.  ამავე დროს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის გავლით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ღრმაწყლოვანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის მშენებლობის თაობაზე,  რომელიც  რამდენიმე მილიარდ დოლარიანი პროექტია.

ფაქტობრივად,  ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვართ,   როდესაც საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული  ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიის  სფეროებში და პერსპექტივაში გვაქვს სერიოზული მზაობა და პრეტენზია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ჰაბად  ფინანსების სფეროშიც იქცეს.    აღნიშნული გარემოებები  ეროვნული ეკონომიკის  ზრდაზე, დამატებითი ღირებულების ფორმირებაზე პოზიტიურად  მოქმედებს.   ჩვენ,  ფატობრივად,  იმ რეალობას ვხედავთ,  რომლის მიხედვითაც,    საქართველოს ეკონომიკა იზრდება  რეალურ სექტორში მეტი დოვლათის წარმოების შედეგად,  ასევე ამას  მომსახურების სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა და გეოპოლიტიკური ფუნქციის ზრდა ემატება,  რაც ასევე შეგვიძლია,   ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის დამატებით ბონუსად განვიხილოთ, რომელიც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში   დამატებით ეკონომიკურ ზრდაში,   საბოლოო ჯამში  კი  მაკროეკონომიკური ინდიკატორების  არსებით გაუმჯობესებასა  და  მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში ტრასფორმირდება.    ფაქტობრივად,  აღნიშნულის გათვალისწინებით ეკონომიკის ზრდას საკმაოდ ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ  და მთავრია,  შევეცადოთ,   რომ  გარე გაურკვევლობამ,  რისკებმა,    რითაც მსოფლიო ეკონომიკის   საკმაოდ დიდი ნაწილია მოცული   საქართველოს საზღვრები არ გადმოლახოს, შევძლოთ,  მშვიდობიანი  განვითარებისა და აღმშენებლობის დამაჯერებელი ტემპი შევინარჩუნოთ“ – განაცხადა არჩვაძემ.

ეკონომისტის თქმით,  უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი  ეკონომიკური  ზრდის   საპროგნოზო მაჩვენებლი   მნიშვნელოვნად გადაჭარბებული იქნება.

„საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაში ღრმადაა ინტეგრირებული.  ექსპორტის თანაფარდობა ეროვნულ პროდუქტთან თითქმის მეოთხედია, ხოლო იმპორტის თანაფარდობა კარგა  ხანია,    50 %- იან ნიშნულს გადასცდა. ჯამში,  საგარეო სავაჭრო ბრუნვა სულ ცოტა 80 %- ის ფარგლებშია,  რაც საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, სადღაც 22 პუნქტით აღემატება. ანუ,  იმის თქმა მინდა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ  ინტეგრირებულია   და ეს ინტეგრირება   გარკვეულ პრეფერენციებსაც,  ვალდებულებებსაც და უკუზემოქმდების საკმაოდ მაღალ დონესაც ნიშნავს. ამ უკანასკნელისთვის ხაზგასმა იმიტომ დამჭირდა, რომ ის პროცესები,   რაც მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარეობს, ავტომატურად საქართველოს ეკონომიკაზე, მის ზრდაზე პოტენციალსა და განვითარების  პერსპექტივებზე აისახება.  საქართველოს ეკონომიკური  კავშირ-ურთიერთობები მსოფლიოს 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს.  ყოველწლიურად იზრდება სასაქონლო ნომენკლატურა, რომლითაც ჩვენ მსოფლიო ბაზარზე გავდივართ,    შემიძლია,  გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებულად.   მეორე მხრივ, რადგან საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაში ასე ღრმადაა   ინტეგრირებული, ჩვენი შიდა სამომხარებლო ბაზრის თითქმის 70 % იმპორტირებულ საქონელს წარმოადგენს, ყოველივე რაც   მსოფლიო   ეკონომიკაში ხდება,   ავად, თუ კარგად, მაღალი კორელაციით  თავის გავლენას  ჩვენს მდგომარეობაზეც ახდენს.  2023 წლის პროგნოზები ამ მხრივ  გლობალური მასშტაბით მაინცდამაინც სახარბიელო არაა. ბევრი საერთაშორისო  ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტი იძლევა პროგნოზს, რომ ადგილი ექნება რეცესიას, ეკონომიკური ეზრდის ტემპები საკმაოდ შემცირებული იქნება.   ბოლო მონაცემებით,  „მსოფლიო ბანკმა“ 2023 წლის  მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზი  3-დან 1, 7 %-მდე შემცირა, „სავალუტო ფონდმა“  2, 9-დან 2, 7 %-მდე, „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ“   3,3, – დან 2, 3-მდე.   ხოლო  ისეთმა ავტორიტეტულმა  საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ,   როგორიცაა Fitch,  კიდევ   უფრო კონსერვატორული პროგნოზი მოგვცა 1, 7- დან 1, 4 %-მდე.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ,  მათი პროგნოზები საკმაოდ განსხვავდება  იმისდა მიხედვით,  თუ რა  ფაქტორებს აძლევენ ამა თუ  იმ მნიშვნელობას და შემდეგ როგორ აისახება ეს ინტეგრირებულ მაჩვენებლში.  ფაქტი ისაა, რომ ასეთ პირობებში  უკრიტიკოდ,  მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი პროგნოზის გაკეთება ზოგადად გლობალური მასშტაბით და მით უფრო საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ გართულებულია. გავიხსენოთ,   გასული წლის დასაწყისში საქართველოს  ეკონომიკის ზრდას  თუ რამდენად კონსერვატორული შეფასება მისცეს „მსოფლიო  ბანკმა“, „სავალუტო ფონდმა“ –  ეს დაახლოებით  4 %-მდე იყო, ფაქტობრივად, კი   ჩვენ  ორნიშნა, ან ორნიშნასთან საკმაოდ ახლოსმყოფ ეკონომიკურ ზრდაზე გავდივართ.  შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები, რომელზეც მოგახსენთ, საკმაოდ კონსერვატორული და ფრთხილია, ისინი  რამდენადმე უფრო მაღალი იქნება,  თუ გლობალური მასშტაბით რაიმე  კატასტროფა არ მოხდა.

ანალოგიურად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის საპროგნოზო მაჩვენებლი, რაც საქართველოსთვისაა  ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 5 %-იანი ზრდა და „მსოფლიო ბანკის“ მიერ შედარებით უფრო კონსერვატორული, ნაკლები  შეფასება, 4%-მდე ფარგლებში, მნიშვნელოვნად გადაჭარბებული იქნება. რა მაძლევს ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას:    ის რესურსი,  რაც საქართველოს ეკონომიკამ  თავისი ეკონომიკური რეფორმების, გამოცდილების და უცხოური ინვესტიციების, ფულადი ტრანზაქციების სახით დააგროვა. 2022 წელი საქარველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის მხრივ რეკორდული იყო. ინვესტიცია ხომ ერთჯერადი აქტი არაა, მისი განხორციელება  შემდგომში წარმოების,  ან მომსახურების სექტორის გაფართოებას და აქედან სისტემატური შემოსავლის, მოგების,  დივიდენდის მიღებას ემსახურება. უნდა ვიგულისხმოთ,  რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიცია,  ფაქტობრივად, არა მხოლოდ დამტებით სამუშაო ადგილებს ქმნის, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი დამატებული ღირებულების ფორმირების შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინოთ  ისიც,  რომ უცხოური ინვესტიციების 3/4-ზე მეტი ევროპული და ამერიკული წარმომავლობისაა. მეორე ფაქტორი – 2022 წელს  საკმაოდ მნიშვნელოვანი  ფულადი ტრანზაქციები განხორციელდა.  12 თვიდან 4 თვის მაძილზე, აქედან 3 ბოლო თვის მანძილზე ზედიზედ თვიურად  უცხოეთიდან საქართველოში  ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის ტრანზაქცია იყო განხორციელებული.  ამ ტრანზაქციების ერთი ნაწილი მიმდინარე მოხმარებისთვის მიემართება, მეორე კი, არცთუ მცირე ნაწილი  საინვესტიციო დატვირთვის და ადგილზე წარმოების გაფართებისთვის, ანუ  ერთობლივი მოთხოვნის ზრდას ემსახურება.  ერთობლივი მოთხოვნის ზრდა კი მიწოდებას ავტომატურად  მულტიპლიკატორულ რეჟიმში აყენებს  და მიწოდების ზრდის კვალობაზე ეროვნული პროდუქტის მატება ხდება. ეს ორი ფაქტორი ეროვნული პროდუქტის ზრდას მნიშვნელოვნად ემსახურება. მესამე ფაქტორი,   რომელიც ასევე უნდა გავითვალისწინოთ, საქართველოს  გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი სატრანსპორტი-საკომუნიკაციო ფუნქციის გაზრდაა, რაზეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშია საუბარი“ – განაცხადა არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები