გივი მიქანაძე „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ პროექტის „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ხელმძღვანელს ლაშა ჯუღელს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. გივი მიქანაძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები და ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიზნით, 2023 წელს კომიტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. საუბარია როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გასამართ შეხვედრებზე, ასევე დარგობრივი სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების პარლამენტში მოსმენასა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე.
მიქანაძემ სტუმარს კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დაინტერესება გამოხატა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ კვლევების და პროექტების მომზადების პროცესში ასოციაცია კომიტეტთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან აქტიურად ითანამშრომლებს.