ანგარიშსწორება თუ დადგმული სცენა, მანქანის დაწვის ფაქტს ზვიად ჯავახიშვილი გამოეხმაურა

დედოფლისწყაროს საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბაღაშვილის მანქანის დაწვის ფაქტს, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ არის გამორიცხული აღნიშნული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დადგმული სცენა იყოს.
“ბაღაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა რაიონში და ამ პარტიისგან გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, თუ გადავხედავთ რაზე იყო წლების განმავლობაში აგებული მათი პოლიტიკური პიარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ლევან ბაღაშვილის წინააღმდეგ აღძრულია საქმე დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვაზე და წლების განმავლობაში ხალხის ძარცვის გარდა არაფერი გაუკეთებია, შესაძლოა, ეს თავის დაზღვევის მიზნითაც იყოს გაკეთებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული და აქედან გამომდინარე, ვერც ანგარიშსწორებას გამოვრიცხავთ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. რატომღაც მჯერა, რომ ეს მათ მიერვე დადგმული სცენაა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა. ლევან ბაღაშვილის კუთვნილ მანქანას, ცეცხლი წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა. როგორც ბაღაშვილი აცხადებს, ავტომანქანას უცნობმა პირებმა ბენზინი გადაასხეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მომხდარს მასზე განხორციელებულ ზეწოლად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები