პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ანკარაში თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები შეხვდებიან ეროვნული თავდაცვის, დაზვერვისა და თავდაცვის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს. შეხვედრები ასევე გაიმართება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.

ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია პარლამენტარების მიერ თურქული აეროკოსმოსური მრეწველობის კომპანიის – “Turkish Aerospace Industries” (TAI) და თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის – “HAVELSAN”-ის მონახულება. ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან არიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ოპოზიციიდან კი კომიტეტის წევრები – ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები