ინფექციონისტი: გრიპი გარკვეულ რისკჯგუფებში საყურადღებოა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ჯგუფები ვაქცინირებულები იყვნენ
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, გრიპი გარკვეულ რისკჯგუფებში საყურადღებოა. როგორც გოგინავამ აღნიშნა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმაოდ ეფექტიანია და მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფები ვაქცინირებულები იყვნენ. ამის შესახებ გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რესპირაციულ ინფექციებს შორის ყველაზე საყურადღებო, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსია. რომლის გავრცელება ამჟამადაც დომინანტურია. მეტ ყურადღებას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სწავლის დაწყება და მობილობის გაზრდა რისკებს კიდე უფრო ზრდის, შეიძლება, შემთხვევების მატება მოხდეს, თუმცა, ბოლო 2 -3 კვირის მონაცემებს თუ ავიღებთ, რაიმე ისეთ ახალ, შემთხვევების მკვეთრ მატებასთან საქმე არ გვაქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ თითოეული ჩვენგანი რეკომენდაციებს დაიცავს, ამით შევძლებთ, რომ გრიპის კუთხით ეპიდსიტუაცია საკმაოდ სტაბილურად შევინარჩუნოთ. ზოგადად, გრიპი გარკვეულ რისკჯგუფებშია საყურადღებო, მათ შორის არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე მცირეწლოვნები. არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ჯგუფები იყვნენ ვაქცინირებული, რათა ჩვენ არ გვქონდეს ბევრი მძიმე შემთხვევა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაიზარდოს. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში მე, პირადად შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ველოდები. სწავლის განახლება და მობილობის გაზრდა გარკვეულ რისკებს აჩენს, მაგრამ როგორც საზოგადოების, ასევე ჯანდაცვის სისტემის მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს რისკები გაბათილდეს და გრიპის კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს.
რა თქმა უნდა, თებერვალ-მარტში არის რისკები რომ ე.წ. მეორე პიკი და შემთხვევების მატება გვქონდეს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მატება, რომელიც ან ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს, ან რაიმე ისეთ ძვრებს გამოიწვევს, რის შედეგადაც რაიმე რეგულაციების შემოღება იქნება საჭირო“ – განაცხადა გოგინავამ.